Home

From the blog

ალბანეთს 2019 წლის “ევროვიზიაზე” ჯონიდა მალიქი წარადგენს

კომენტარები ჯერ არ არის News

22 დეკემბერს, კონგრესების სასახლეში, ალბანეთის ტრადიციული შიდაშესარჩევი კონკურსის, Festivali i Këngës-ის ფინალი გაიმართა, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ევროვიზიაზე წასასვლელად 22 მონაწილე იბრძოდა, რომელთაგან ფინალში 14 გადავიდა.

გასაკვირია, მაგრამ ფინალში ვერ მოხვდა ალბანეთის 2015 წლის წარმომადგენლის, ელჰაიდა დანის დაწერილი სიმღერა Nënë, რომელიც მირუდმა შეასრულა. 57-ე კონკურსში ადგილობრივი მაყურებლისთვის ისეთი ცნობილი სახეებიც მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან ელტონ დედა, არტემისა მითი და ორგესა ზაიმი, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ჯონიდა მალიქიმ მოახერხა, სიმღერით Ktheju tokës (დაბრუნება სამშობლოში), რომელმაც რამდენიმე ქულით აჯობა ლიდია ლუფის. გამარჯვებული სიმღერა ალბანელთა ემიგრაციას ეხება და ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებას მოუწოდებს.

ჯონიდა 36 წლის მომღერალია, რომელიც კონკურსში მეცხრედ მონაწილეობდა. საუკეთესო შედეგი მან აქამდე 1999 წელს, 16 წლის ასაკში დააფიქსირა, როდესაც მეორე ადგილზე გავიდა. ჯონიდა ალბანეთში საკმაოდ ცნობილია, მიჰყავდა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და იყო ალბანური The Voice-ს ჟიურის წევრი. როგორც თვითონ ამბობს, არ აპირებს ტექსტის შეცვლას და სურს სიმღერა კონკურსზეც ალბანურად იმღეროს.

სიმღერის ტექსტის ალბანურად დატოვებამ 2018 წელს გაამართლა, როდესაც ალბანეთი ორწლიანი წარუმატებლობის შემდეგ ეუგენტ ბუშპეპას მიერ მშობლიურ ენაზე შესრულებული სიმღერით დაუბრუნდა ევროვიზიის ფინალს, სადაც მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. ბოლო ევროვიზია ალბანელებისთვის სხვა მხრივაც წარმატებული გამოდგა. წარმოშობით ალბანელებმა, ელენი ფურეირამ და ერმალ მეტამ, რომლებიც, შესაბამისად, კვიპროსსა და იტალიას წარმოადგენდნენ, ხუთეულში შესვლა მოახერხეს, ელენის სიმღერა „Fuego“ კი, მოგეხსენებათ, მთელს ევროპაში გაჰიტდა.

რამდენად გაამართლებს ჯონიდას ეს მიდგომა, ამას მაისში გავიგებთ. მანამდე კი შეგიძლიათ მის სიმღერას მოუსმინოთ აქ:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *