Home

From the blog

One Direction-ის ყოფილმა წევრმა, შესაძლოა, ირლანდია “ევროვიზიაზე” წარადგინოს

კომენტარები ჯერ არ არის News

5 იანვარს გავლენიან ირლანდიურ საიტზე Irish Mirror გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ 2019 წლის ევროვიზიაზე ირლანდიის სახელით One Direction-ის ყოფილი წევრი, ნაილ ჰორანი წარდგებოდა. სტატია მალევე წაიშალა, თუმცა ფანებმა მაინც მოასწრეს მისთვის ფოტოების გადაღება, რომლებიც შემდეგ ონლაინ-პლატფორმებზე განათავსეს. სტატიაში ეწერა, რომ ირლანდიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, RTÉ-მ მოლაპარაკებები გამართა ნაილთან და ის ქვეყანას თელ-ავივში, სავარაუდოდ, თავისი მეორე სოლო-ალბომის პირველი სინგლით წარადგენდა. სტატიის თანახმად, ტელევიზიამ გასული წლის შემოდგომაზე ჩაატარა ფორუმი, რომლის მიზანიც იყო ეპოვათ ისეთი გზა, რომელიც ქვეყანას ევროვიზიაზე წარმატებას მოუტანდა. ირლანდია ევროვიზიის გამარჯვებულის ტიტულს შვიდჯერ დაეუფლა, თუმცა უკანასკნელად მათ 1996 წელს მოიგეს.

ნაილ ჰორანი 1993 წელს მალინგარში, ირლანდიაში დაიბადა. მუსიკალურ ინდუსტრიაში 2010 წლიდან ჩაერთო, როდესაც ბრიტანულ „X-ფაქტორში“ მიიღო მონაწილეობა. სწორედ კონკურსის მიმდინარეობისას შეიქმნა ჯგუფი One Direction, რომელმაც შემდეგ საყოველთაო აღიარება ჰპოვა. პირველი სოლო-სინგლი, This Town, ნაილმა 2016 წელს გამოუშვა. სიმღერა ათი ქვეყნის ჩარტების ორმოცდაათეულში მოხვდა, ბრიტანეთში კი მეცხრე ადგილს მიაღწია. ნაილის პირველი სოლო-ალბომი, Flicker, 2017 წელს გამოვიდა და ამერიკული ბილბორდის ტოპ-ალბომების სიას ულიდერა.

ჭორები, რაღა თქმა უნდა, ირლანდიის ბოლოდროინდელმა შედეგებმა გააჩინა. 2018 წლის ევროვიზიაზე, ხუთწლიანი წარუმატებლობის შემდეგ, ირლანდია ფინალს დაუბრუნდა. ქვეყანა რაიან ო’შონესიმ წარადგინა სიმღერით Together და 136 ქულით მეთექვსმეტე ადგილი დაიკავა.

სოციალურ ქსელებში ევროვიზიაზე კიდევ ერთი, თუმცა ნაილზე ნაკლებად ცნობილი მომღერლის, უნა ჰილის გასვლას ვარაუდობენ, რომელიც ჯგუფ The Saturdays-ში მღეროდა მათ დაშლამდე, 2014 წლამდე. უნა ევროვიზიაზე ერთხელ უკვე გამოჩნდა, თუმცა მაშინ ის ბრაიან კენედის ბექ-ვოკალისტი იყო. 2006 წელს ბრაიანმა სიმღერით Every Song Is A Cry For Love მეათე ადგილი დაიკავა.

ჯერჯერობით დადასტურებული არაფერია, არც ირლანდიის საზოგადოებრივ მაუწყებელს გაუკეთებია ოფიციალური განცხადება. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა ირლანდია ოცდაორი წლის შემდეგ კვლავ დაიბრუნოს სანატრელი ჯილდო.

ავტორი: ლევან აბაშიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *